English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილი
კორუფცია – ეკონომიუკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი

ანოტაცია: ნაშრომში გამოკვლეულია კორუფციის გავლენა ეკონომიკურ განვითა­რე­ბა­ზე. ყურადღება გამახვილებულია მის გლობალურ ხასიათზე, მისი წარმოშობის სუბი­ექტ­ურ და ობიექტურ მიზეზებზე და წყაროებზე, მასთან ბრძოლის ძირითად ღონის­ძიებებზე.

საკვანძო სიტყვები: კორუფცია, ეკონომიკური განვითარება, გლობალური კორუფცია, კორუფციული გარიგება. 

შესავალი

კორუფცია ლათინური სიტყვაა (corrumpere), რაც ფუჭებას ნიშნავს. ყველაზე მე­ტ­ად ეს ტერმინი გამოიყენება ბიუროკრატიული აპარატისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ. იგი ნიშნავს თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილებათა გამოყენებას პი­რა­დი სარგებლობის მიზნით, დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ. კორუფცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია, ვინაი­დ­ან იგი იწვევს რესურსების არა ეფექტიან გამიყენებას და წარმოშობს ბევრ სხვა ნეგა­ტი­ურ მოვლენას. დღეისათვის მან გლობალური ხასიათი შეიძინა.

***

კორუფცია ახალი მოვლენა არაა, იგი სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ისტო­რ­იამ შემოინახა ხსენება ქალაქსახელმწიფო ლაგაშის შუმერი მეფის, ურუკაგინას, შესა­ხ­ებ (XXIV s. C. w. a.), როგორც კორუფციის წინააღმდეგ მკაცრად მებრძოლი მეფისა და ა.შ.

დღეისათვის კორუფცია საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს [Tanzi  V. 1998]. გლობალიზაციის პირობებში კორპორაციათა მიერ უცხო სახელმწიფოს მო­ხე­ლ­ე­თა მოსყიდვის ფაქტები სულ უფრო გახშირდა და მასობრივ ხასიათს იღებს. კორ­უ­ფ­ც­იის მომძლავრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში შესაძლებელია ნეგატიურად აისახოს სხვა ქეყნების ეკონომიკაზე და სხვ. კორუფცია სხვადასხვა ხარისხით არს­ებობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გლობალიზაციის პირობებში, კორუფცია იღებს სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ფორმას. კორუფცია არა მხოლოდ ადგი­ლობრივი პრობლემაა, იგი ტრანსნაციონალურ ფენომენად იქცა, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიოს ყველა ქვეყნის საზოგადოებებსა და ეკონომიკებზე. საერთაშორისო დონეზე კორუფცია ასოცირდება უზარმაზარ ფულად აქტივებთან და რესურსებთან, ის უარყოფითად აისახება მთელ ინდუსტრიებზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, საფრ­თხეს უქმნის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს.  კორუფცია ქმნის სახელმწიფოს ნეგატიურ იმიჯს, როგორც მისი მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების თვალში. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ გლობალიზაცია იწვევს კორუფციის შეუფერხებლად გავრცელებას მრავალ ქვეყანაში და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დონეზე კორუფციის ერთიანი, ზოგადი განმარტების არარსებობა გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს მასთან ბრძოლაში. მეორე მხრივ, გასაგებია, ერთი განმარტების არარსებობის მიზეზები. ეს მიზეზებია ქვეყნების განსხვავებულ პოლიტიკური მოწყობა, ეკონომიკის მდგომა­რეობა, საზოგადოებრივი განვითარების დონეს და, რა თქმა უნდა, განსხვავებული კულტურული და მენტალური მახასიათებლები. საერთაშორისო ნორმატიული სამართლებრივი აქტების შესწავლის გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ათანაბრებს კორუფციის შინაარსს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მხოლოდ მექრთამეობასთან და აფართოებს მიდგომებს ამ ფენომენის შესწავლის მიმართ.  გაფლანგვა, ლობირება, მოსყიდვა, თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სხვ. საერთაშორისო გაგებით კორუფციაა [Кейзерова Ю. В..., с. 526]. როგორც ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრაქტიკა აჩვენებს, ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო კორუფციის პრობლემის სრულად მოგვარება, გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში შეიქმნა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გლობალური კორუფციის წინააღმდეგ [Моисеев В. В..., с. 180].

შეიძლება გამოიყოს კორუფციის წაროშობის სხვადასხვა მიზეზი. ყველაზე დიდი მიზეზი კორუფციის არსებობისა თვით სახელმწიფოს არსებობაა, მაგრამ სახელ­მწიფოს არარსებობა გაცილებით მეტ პრობლემებს წარმოშობდა, ვიდრე კორუფციაა.

ერთმანეთისგან შეიძლება განვასხვაოთ კორუფციის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური ხასიათის მიზეზები, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს მიზეზები ძირითადად სუბიექტური ხასიათისაა და მათგან უმთავრესია არასრულყოფილი ინსტიტუციების (უმთავრესად ფორმალურის, მაგრამ ასევე არაფორმალურისაც), უპირველეს  ყოვლი­სა, სახელნწიფო მართვის არასრულყოფილი სისტემის არსებობა. არასრულყოფილ ინსტიტუციებში იგულისხმება:

  1. განუვითარებელი სახელმწიფო დაწესებულებები. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ზოგიერთ ქვეყანაში გაჭიანურებული პოსტკომუნისტური ტრანსფორმა­ციის პროცესი, როდესაც პირველ ეტაპზე ძველი ინსტიტუტები ინგრევა და მათ ადგილს არცთუ ძლიერი და სრულყოფილი ინსტიტუტები  იკავებენ. ასეთ პირობებში კორუფციისათვის კარგი სასათბურე პირობები იქმნება;
  2. არასრულყოფილი საბაზრო ინფრასტრუქტურა. ამის თვალსაჩინო მაგა­ლი­თიც პოსტკომუნისტური ქვეყნებია. მაგალითად, საქართველოში, მიუხედავად იმ­ისა, რომ ეკონომიკური რეფორმები 15 წლის წინ დაიწყო, სრულყოფილი საბაზრო ინფრასტრუქტურა დღესაც არ არის ჩამოყალიბებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ ქვეყნებში საბაზრო ძალები სუსტია და ბიუროკრატია ზომაზე მეტად იჭრება ეკო­ნომიკის ფუნქციონირებაში;
  3. კონსერვატული საკანონმდებლო ნორმების არსებობა. მეტად თუ ნაკლებად, ასეთი რამ ყველა ქვეყნის საკანონმდებლო აქტებში შეიძლება აღმოვაჩინოთ, ვინაიდან ნებისმიერი კანონი დროთა განმავლობაში ძველდება და განახლებას საჭიროებს, რასაც მაღალი კორუფციის მქონე ქვეყნებში ბიუროკრატია სერიოზულ  წინააღმდეგობას უწევს;
  4. ახლად მიღებული კანონების არასრულყოფილება. განსაკუთრებით აღსანი­შნა­ვია საგადასახადო კანონმდებლობა. თუ გადასახადების სიდიდე ოპტიმალურზე მაღალია, მაშინ გადამხდელი ცდილობს დამალოს გადასახადი, რასაც აღწევს შესაბა­მის ორგანოებთან გარიგების გზით და რის გამოც იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდე. საწარმოთა ნაწილი კი საერთოდ გადის ბაზრიდან. მაღალი გადასახადები ასევე ხელს უშლის ახალ საწარმოთა ბაზარზე შემოსვლას. ბუნებრივია, ყველა ამ შემ­თხვევაში მცირდება როგორც საგადამხდელო ბაზა, ისე შემოსავლები ბიუჯეტში. და, რაც ყველაზე მთავარია, ფერხდება ეკონომიკის განვითარება.  როდესაც საქმე გვაქვს ოპტიმალური სიდიდის გადასახადებთან, მაშინ სახეზეა სრულიად საპირისპირო სურათი. რასაკვირველია, კორუფციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში ბიუროკრატიას გადასახადების ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრის სურვილიც არ აქვს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ზუსტი განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

საქართველოში გადასახადების სიდიდე წლების განმავლობაში არ იყო ოპტი­მა­ლური, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობის ზრდა. ამჟამად საგადასახადო კოდექსი უფრო ლიბერალურია. თუმცა, სრულყოფა ყოვ­ელ­თვის შესაძლებელია დროის შესაბამისად. ჩვენი აზრით, გადასახადების სიდი­დის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს არა სუბიექტურად, არამედ შედეგებიდან გამომდი­ნარე. თუ აღმოჩნდება, რომ არსებული განაკვეთები აფერხებს ეკონომიკის განვითარე­ბას, უნდა მოხდეს მათი სწრაფი შეცვლა მანამ, სანამ არ მივაღწევთ პრაქტიკულად ოპტიმალურ მნიშვნელობას. საერთოდ, ალბათ, საჭიროა ჩვენც დავნერგოთ იმ ქვეყ­ნების გამოცდილება, სადაც გამოიყენება “ავტომატური სტაბილიზატორები”, ანუ “ჩაშე­ნე­ბული სტაბილიზატორები”, რათა საგადასახადო განაკვეთების ცვლილება ხდებოდეს ავტომატურად და არ იკარგებოდეს დრო და, რაც მთავარია, პროდუქციის გამომუშავების მოცულობა, ეკონომიკის განვითარების ტემპების შეფერხების გამო;

5.   კანონების, ნორმატიული აქტების, დადგენილებებისა და .. შესრულების და­ბალი ხარისხი. ეს ნაკლოვანებებიც, ძირითადად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები­სთვის იყო დამახასიათებელი, ვინაიდან აქ მიმდინარე გარდაქმნებს მსოფლიოში ანა­ლოგი არ მოეძებნება, ახალი გზის გაკვლევა კი შეცდომების გარეშე შეუძლებელია.

6.   საზოგადოებაში ისეთი ჩვევებისა და ტრადიციების არსებობა, რომლებიც ხელსუწყობენ კორუფციის გაძლიერებას;

7.   სახელმწიფო სექტორში ხელფასების დაბალი დონე კერძო სექტორთან შედა­რებით;

8.   ბიუროკრატიული ელიტის მოწყვეტა ხალხისაგან;

9.   მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და სხვ.

არსებობს კორუფციის ობიექტური მიზეზებიც. მათგან შეიძლება აღინიშნოს:

  1. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა. მართვის სისტემის დანაწევრებულობა. მართვის ყველა სადავე რომ ერთი პირის ხელში იყოს (მაგ., აბსო­ლუტური მონარქიის დროს), მაშინ კორუფცია აღარ იარსებებდა, ვინაიდან ასეთი მმარ­თვე­ლისათვის კორუფცია აზრს კარგავს, მას ისედაც შეუძლია სიმდიდრის მით­ვისება;
  2. ყოვლისმომცველი კონტროლის განხორციელების შეუძლებელობა.
  3. კანონთა ორაზრობრივი ხასიათი;
  4. მოსახლეობის განათლების დაბალი დონე;
  5. ბიუროკრატიის არაკომპენტენტურობა;
  6. მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს კონტროლის დაბალი დონე;
  7. სახელმწიფოს მონოპოლია გარკვეული მომსახურების წარმოებაზე.

              შეიძლება გამოიყოს კორუფციის ძირითადი წყაროები:

  1. სახელმწიფო ბიუჯეტი, საიდანაც ხორციელდება სახელმწიფო ხარჯები (ინვეს­ტიციები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.);
  2. არასაბიუჯეტო ფონდები;
  3. რივატიზაცია;
  4. საგადასახადო შეღავათები;
  5. საგადასახადო დანაშაული;
  6. საბაზროზე დაბალ ფასებში ნედლეულისა და მასალების გაყიდვა;
  7. ბუნებრივი რესურსების მოპოვება;
  8. სახელმწიფო აქტივების გაყიდვა;
  9. ჩრდილოვანი ეკონომიკა;
  10. კომერციული საქმიანობის გადაცემა კერძო პირებისადმი;
  11. თანამდებობებზე დანიშვნა;
  12. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება;
  13. საზღვარგარეთული დახმარებები და სხვ;     

კორუფცია დაკავშირებულია მრავალ ნეგატიურ მოვლენასთან. მაგალითად, ისე­თებთან, როგორიცაა: ეკონომიკური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება; უცხოური დახმარებების არარაციონალური ათვისება; ინდივიდთა უნარის არამიზნობრივი გა­მო­ყენება; სოციალური უთანასწორობის ზრდა; კულტურული და ინტელექტუალური დაქვეითება; ხელისუფლების ავტორიტეტის დაკარგვა; საერთაშორისო ურთიერთო­ბების დამახინჯება და სხვ.

კორუფციული მმართველობის დროს სახელმწიფო რესურსები მიედინება არა ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ იქ, სადაც უფრო მოსახერხებელი იქნება მისი მოპარვა.

ისმის კითხვა, ეკონომიკურად არის თუ არა მომგებიანი ბრძოლა კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისათვის? ბუნებრივია, თუ კორუფციას მთლიანად აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება დანახარჯების გარეშე, მაშინ იგი სასურველი და მომგებიანი იქნება. მაგრამ ეს მიღწევადია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ იარსებებენ ისეთი ადა­მიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კორუფციულ გარიგებებში. რეა­ლურად კი ასეთი შემთხვევა არ არსებობს და არც მომავალში იარსებებს. ამდენად, აუცილე­ბელი ხდება ერთმანეთს შევადაროთ კორუფციის შედეგად მიღებული დანაკარგები (კორუფციული დანაკარგები) და დანახარჯები, გაწეული მისი აღმოფხვრისათვის.

საერთოდ, დანახარჯები კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისათვის ძალიან მნიშ­ვნელოვანია და იგი მოიცავს არა მხოლოდ შესაბამის ღონისძიებებზე გაწეულ მატერ­ია­ლურ დანახარჯებს, არამედ საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვე­ულ დანახარჯებსაც. ამასთან, რაც უფრო ძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან კორუფ­ციის წინააღმდეგ ბრძოლა, მით უფრო იზრდება კორუფციული შესაძლებლობების პოტენციალი. ე.ი. კორუფციის აღმოფხვრის გზაზე დანახარჯების სიდიდე თანდათან იზრდება და არ მცირდება. მიუხედავად ამისა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შესაძლებელია მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები მოჰყვეს.

 ეკონომიკური თვალსაზრისით კორუფციის აღმოსაფხვრელად დანახარჯების გა­ღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კორუფციის აღმოფხვრის ეკონომიკური შედეგები მეტი იქნება დანახარჯებზე. ე.ი. კორუფციის ოპტიმალური დონე მიიღება მაშინ, როდესაც დანახარჯები, გაწეული მისი აღმოფხვრისათვის, გაუტოლდება მიღებულ შედეგს, ვინაიდან ამის შემდეგ დანახარჯები გადააჭარბებს შედეგს.

 კორუფციის შემცირების მაკროეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებიდან უმთა­ვ­რესია ისეთი მაკრო- და მიკროეკონომიკური კლიმატის შექმნა, რომელიც აღმოფხ­ვრის კორუფციის წარმომშობ მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, გააუმჯობესებს არსე­ბულ ინსტიტუციებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვყოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი ძირითადი მეთოდები [Козонов Э. Ю., 2006]:

  1. კანონებისა და მათი შესრულების გამკაცრება, რასაც შედეგად მოჰყვება კორუ­ფციაზე წასვლის რისკის ამაღლება. კორუფციულ გარიგებებზე მიდიან მაშინ, როდე­ს­აც ბიუროკრატიული რენტა ბევრად აღემატება კორუფციაში მონაწილეობის რისკს. კა­ნ­ონებისა და მათი შესრულების გამკაცრებას, ბუნებრივია, მოჰყვება აღნიშნული რისკ­ის ამაღლება, რაც, ცხადია, იმოქმედებს კორუფციის შემცირების მიმართულებით.
  2. საბაზრო ძალების გაძლიერება. სრულყოფილი საბაზრო მექანიზმის არსებო­ბიპირობებში ნაკლებია ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა და ამი­ტომ მცირდება კორუფციული გარიგებების რაოდენობა;
  3. ჩინოვნიკთა ხელფასების გაზრდა. მართალია, სახელმწიფო მოხელეთა ხელფა­სის ზრდამ შეიძლება ვერ გამოიწვიოს კორუფციის დონის პირდაპირპროპორციული შემცირება, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ მატერიალურად უფრო მეტად უზრუნ­ველ­ყოფილი ადამიანი ნაკლებად წავა რისკზე. ამაზე მეტყვე¬ლებს ის ფაქტი, რომ მსოფ­ლიოში ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნებში სახელმწიფო მოხელეთა ხელ­ფასი 2-3-ჯერ მეტია კერძო სექტორში არსებულ ხელფასზე;
  4. ფინანსური კონტროლი (აუდიტი).
  5. დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და სხვ.

მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ეფექტიანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით და­ინტერესებულია ქვეყნის უმაღლესი დონის ხელისუფლება. თუკი საპირისპირო მდგო­­მარეობასთან გვაქვს საქმე, მაშინ პრობლემა უნდა გადაწყდეს ხალხის ძალა­უფლების გამოყენებით, ანუ არჩევნების გზით სათავეში უნდა მოვიდეს შესაბამისი მთავრობა.

ანტიკორუფციული ღონისძიებების გასატარებლად სასურველია, ქვეყანაში არ­სე­­ბობდეს ანტიკორუფციული მაკროეკონომიკური მექანიზმი, რომელშიც მონაწი­ლე­ო­ბას მიიღებს ხელისუფლების სამივე შტო მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება  და თავისუფალი მასმედია. 

დასკვნები 

  1. ყველაზე მე­ტ­ად ტერმინი "კორუფცია“ გამოიყენება ბიუროკრატიული აპარა­ტ­ისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ. იგი ნიშნავს თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილებათა გამოყენებას პი­რა­დი სარგებლობის მიზნით;
  2. კორუფცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია, ვინაი­დ­ან იგი იწვევს რესურსების არა ეფექტიან გამიყენებას და წარმოშობს ბევრ სხვა ნეგა­ტი­ურ მოვლენას;
  3. კორუფციამ დღეისათვის გლობალური ხასიათი შეიძინა. გლობალიზაცია იწ­ვევს კორუფციის შეუფერხებლად გავრცელებას მრავალ ქვეყანაში;
  4. კორუფცია უარყოფითად აისახება მთელ ინდუსტრიებზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს; 
  5. კორუფცია ქმნის სახელმწიფოს ნეგატიურ იმიჯს, როგორც მისი მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების თვალში;
  6. შეიძლება გამოიყოს კორუფციის წაროშობის სხვადასხვა მიზეზი. ყველაზე დი­დი მიზეზი კორუფციის არსებობისა თვით სახელმწიფოს არსებობაა, მაგრამ სახელ­მწიფოს არარსებობა გაცილებით მეტ პრობლემებს წარმოშობდა, ვიდრე კორუფციაა;
  7. კორუფციის წარმოშობის მიზეზები ძირითადად სუბიექტური ხასიათისაა და მათგან უმთავრესია: არასრულყოფილი ინსტიტუციების არსებობა; განუვითარებელი სახელმწიფო დაწესებულებები; არასრულყოფილი საბაზრო ინფრასტრუქტურა  და სხვა;
  8.  არსებობს კორუფციის ობიექტური მიზეზებიც. მათგან შეიძლება აღინიშნოს: ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა, მართვის სისტემის დანაწევ­რებულობა და სხვა;
  9. შეიძლება გამოიყოს კორუფციის ძირითადი წყაროები: სახელმწიფო ბიუ­ჯეტი;  არასაბიუჯეტო ფონდები; პრივატიზაცია; საგადასახადო შეღავათები და სხვა;
  10. კორუფცია დაკავშირებულია მრავალ ნეგატიურ მოვლენასთან. მაგალითად, ისე­­თებთან, როგორიცაა: ეკონომიკური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება; უცხო­ური დახმარებების არარაციონალური ათვისება და სხვა;
  11. შეიძლება გამოვყოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი ძირითადი მეთ­ოდები კანონებისა და მათი შესრულების გამკაცრება, საბაზრო ძალების გაძლი­ერება და სხვა;
  12. კორუფციული მმართველობის დროს სახელმწიფო რესურსები მიედინება არა ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად, არამედ იქ, სადაც უფრო მოსახერხებელი იქ­ნება მისი მოპარვა;
  13. ეკონომიკური თვალსაზრისით კორუფციის აღმოსაფხვრელად დანახარჯების გაღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ კორუფციის აღმოფხვრის ეკონომიკური შედე­გები მეტი იქნება დანახარჯებზე;
  14.  კორუფციის შემცირების მაკროეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებიდან უმთა­ვ­რესია ისეთი მაკრო- და მიკროეკონომიკური კლიმატის შექმნა, რომელიც აღმოფხ­ვრის კორუფციის წარმომშობ მიზეზებს, უპირველეს ყოვლისა, გააუმჯობესებს არსე­ბულ ინსტიტუციებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Tanzi  V. 1998. Corruption around the world. // IMF Staff Papers. – 1998. –Vol. 45, No. 4. – P. 227 k – I
  2. Кейзерова Ю. В., Стеклов В. А. Коррупция в контексте глобализации https://moluch.ru/archive/149/42227/
  3.  Козонов Э. Ю., Жукаев А. 2006. Коррупция: истоки и пути преодоления.  М.: МАКС Пресс, МГУ
  4. Коуз Р. Фирма. Рынок и право. М.: Новое издательство, 2007. 279
  5. Моисеев В. В., Ницевич В. Ф. Коррупция как глгбальная проблема: история и современность. https://cyberleninka.ru/article/n/korruptsiya-kak- globalnaya-problema-istoriya-i- sovremennost/viewer